თორნიკე ერისთავი-აკაკი წერეთელი(3-4 კარი) - 11 აპრილში 2010 - kembriji
პარასკევი, 25.04.2014, 03:05
www.kembrij.tk შეიცანი სამყარო ჩვენთან ერთად
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ისტორია
გეოგრაფია
მეცნიერება
რელიგია
ტექნიკა
გამოჩენილი პიროვნებები
სასაცილო
ლიტერატურა
ამოუცნობი
სხვადასხვა
ფილმები
ელ. წიგნები
საჭირო პროგრამები
ინფო
Узнай свой IP адрес
მორბენალი სტრიქონი
ჩათი
200
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » თორნიკე ერისთავი-აკაკი წერეთელი(3-4 კარი)
22:37
თორნიკე ერისთავი-აკაკი წერეთელი(3-4 კარი)

კარი მესამე



I


"თავგასულია სკლიაროს

მთავარი ბარდაველიო:

ბერძნების სისხლით შეჰღება

ურჯულომ მთა და ველიო!

ორად გააპო სამეფო,

აოხრებს ნახევარსაო;

სპარსელები და სომხები

შემოჰხვევიან გარსაო!

გრიგოლ და ვახტანგ თანა ჰყავს,

ორი ძმა თარონელიო,

მათ მიუციათ მომხრებად

მოჯანყისათვის ხელიო.

მოქის თავადიც აქ არის,

აფრანიკ, სომეხთ გმირიო,

და საღალატოდ შეუკრავთ

სუყველას ერთად პირიო.

გაულეწიათ ბერძნები,

იჩაგვრის ძველი ლომიო,

მაგრამ ჩვენ უნდა ვუჩვენოთ

აწ-ღა სხვაგვარი ომიო!

შორის ქვეყნით ვართ მოსული

რჯულისთვის მეომარიო;

ხელში გვიჭირავს ფარ-ხმალი,

წინ გვიძღვის ქრისტეს ჯვარიო.

ჩვენ ვართ თორმეტი-ათასი,

თითოს შეგვხვდება ათიო,

მაგრამ რა გვიჭირს? ადრევაც

გვინახავს შებმა მათიო!

ჰა ბურთი, ჰა მოედანი!..

მობრძანდეს ბარდაველიო

და ამოიგოს მან ჩვენგან

იმისი სისხლი ძველიო!

სიკვდილი ან გამარჯვება!..

ვინც თავი დაიშუროსო;

დედა შეირთოს მან ცოლად,

ლეჩაქი დაიხუროსო!..”



II


მცირე აზიას, ჰალისის პირად,

ერთი ხანია ბანაკად მდგარი,

ასე იმღერის გუნდად და გუნდად

შეუპოვარი ქართველთა ჯარი.

მათი გუგუნი, მათი კიჟინი

ზე ეფინება ირგვლივ მთა და ბარს,

და ესე ყველა ეკლად და ისრად

გულში ესობა სკლიაროსის ჯარს.

კბილებს ილესავს ბრაზმორეული,

არც დღე, არც ღამე აღარ აქვს ძილი,

მაგრამ რას იზამს? მარჯვე დროს ეძებს

მათ შესაბმელად სკლიაროს ფრთხილი.

ქართველი ჯარის ვაგლახად შებმას

გამოცდილება სარდალს აფიქრებს

და ვეღარ ჰბედავს თვითონ იერიშს,

დახვდომა უნდა… ამაგრებს საფრებს.

უნდა, რომ ჯარი მან მიიტყუოს

იმ სიმაგრეში და იქ ებრძოლოს:

თუ არ ამ ხერხით, ისე სხვაგვარად,

ის არ მოელის კეთილსა ბოლოს;

და საკენწლავად გუნდად და გუნდად

წასატყუებლად აგზავნის ჯარებს,

და განზრახულად თვითონვე აღებს

მტრის შესასვლელად ბანაკის კარებს.

მაგრამ თორნიკე გამოცდილია:

არ მოტყუვდება ამგვარი მახით,

მათვე უპირობს გამოტყუებას

სხვაგვარი ხერხით და სულ სხვა სახით.

იქ ქართველებთან ლაშქრადვე იყო

დასავლეთელი ბერძნების ჯარი

და, რომ თორნიკეს ემონებოდენ,

მათ მოსდიოდათ ამაზე ჯავრი…

ასე ამბობდენ მათი სარდლები:

"მართლაც რომ ღმერთი ჩვენ გვიწყრებაო:

მთავარსარდლობა ქართველს უჭირავს,

ეს არის ბერძნის დამცირებაო!”

ეს სცნო თორნიკემ, ჯერ გაიღიმა,

რაღაც სხვა ფიქრმა მას გაუელვა,

მერე შეჭმუხნა რისხვით წარბები,

აინთო სახე, მთლად აიღელვა

და სთქვა: "მოვსულვართ შორის ქვეყნიდან

მოსახმარებლად კეთილად, ძმურად

და ესენი კი პასუხს გვაძლევენ

ბატონობითა და მედიდურად?!

დიდი ხანია, რაც ჩემ ბრძანებას

აღარ უგდებენ ბერძნები ყურსა

და არად ჰხდიან, თქვენც ჰხედავთ, ძმებო,

ჩვენს ერთგულებას და სამსახურსა!

მაშ, თუ ასეა, აღარ გვაქვს ბრალი,

გულთამხილავო, შენ ჰხედავ, ღმერთო,

რომ უმიზეზოდ შემომწყრალ ხალხთან

აღარა გვაქვს რა აწ ჩვენ საერთო!”

სთქვა და უბრძანა ჯარს ამხედრება,

საქართველოსკენ უკან გაბრუნდა;

ამით ბერძნები მარტო დაჰყარა

და მიაყარა მათ ქვა და გუნდა…

ეს ამბავი რომ შეიტყვეს მტრებმა,

დააგდეს მყისვე მათი სიმაგრე,

გამოვიდენ და ყოველის მხრითა

ბერძნების ჯარი შემოჰკრეს გარე;

მისვლის უმალვე ასტეხეს ბრძოლა,

რადგან საგულეს ჰქონდათ მათ გული

მით, რომ ბერძნები ქართველებისგან

დარჩენილიყვნენ მიტოვებული.

რაღა გზა ჰქონდათ? მაშინ ბერძნებმაც

ფარ-ხმალს მოჰკიდეს საომრად ხელი,

თუმცა-კი გრძნობდენ, რომ გამარჯვება

იმათთვის იყო მეტად რამ ძნელი;

აღარ უნდოდათ შერცხვენილიყვნენ:

თავი შესწირეს, ჰბრძოდენ გმირულად,

სანამ ურიცხვმა და უთვალავმა

მტერმა არ სძლია ისინი სრულად.

დამარცხდენ, თუმც კი ხელცარიელი

არ დარჩენიან არც ისინი მტრებს:

რიცხვი არა აქვს სპარსელებისა

და თან სომხების დაჭრილებს და მკვდრებს!…

მაგრამ სკლიაროს ამ გამარჯვებას

რადგანაცა სთვლის უკანასკნელად

და ვერვის ჰხედავს აწ მის სურვილის

მოწინააღმდეგ-ხელისშემშლელად,

დღესასწაულობს: გრძნობამორეულს

უდროოდ ათრობს მეტი სიამე

და ლხინს ეძლევა გულდამშვიდებით

გაუსხლეტელად ის მთელი ღამე.

ის-კი არ იცის, რომ იქვე, სერზე,

სდგას თორნიკ მისგან დავიწყებული;

დაჰმზერს მტრის ბანაკს და სარდლებიცა

იქვე ჰყავს გარეშემოხვეული.

სხვადასხვა რჩევას აძლევს სარდლებსა,

მათ-მათ შესაფერს თვითოეულად,

და სახვალიოდ ჯარებს ამზადებს

მტრის შესაბმელად, ჯერ-კი ფარულად.

- "ახლა ხომ ჰხედავთ, თუ რას ნიშნავდა

ბერძნებთან შუღლი და მოშორება?

თუ არ ამ ხერხით, სხვებრ არ შეგვეძლო

სომხის სარდლების ჩვენ მოღორება.

არ დააგდებდენ საფრებს და ბრძოლას

არ დაგვიწყებდენ ველზე გაშლილად;

და, თუ პირიქით მივვარდებოდით,

დაგვამარცხებდენ მაშინ ადვილად.

მაგრამ, მადლობა ყოვლის შემძლებელს!

ასრულდა ჩემი განზრახულები:

ვგონებ, რომ ვეღარ გაგვიმაგრდენ ხვალ

ამ გაშლილ ველზე დაღალულები!”…

თუმც შეგვიძლიან თავზე დავესხათ

ახლაც; ეს ჩვენთვის სულ ადვილია,

მაგრამ რადგანაც არ მოელიან,

ეს ღალატსა ჰგავს და სირცხვილია.

გვიჯობს მივადგეთ გამოცხადებით

ისე, როგორც რომ ვაჟკაცთ წესია,

და უკუღმართად ნუ მოვმკით იმას,

რაც ძველებს წაღმა დაუთესია!”

ასე ამბობდა მოხუცებული,

აწყობდა რაზმებს, ჯარს აფრთხილებდა;

სარდლებს სხვადასხვა მხრით აგზავნიდა

და ჯარსაც თვითონ უნაწილებდა.

- "შენგან დავიწყებ ჯერ, ჯავშანიძე:

ომის ველზე ხარ დაბერებული,

გამოცდილი ხარ და, რა თქმა უნდა,

ზომას დაიჭერს ეგ შენი გული.

შენებრ ჭაღარა ათასი კაცი

ამოირჩიე, შეკრიბე ჯარი,

მათ წინ წაუძეღ და საიდუმლოდ

მიდი, აიღე მტრების საფარი!

და, როდესაც აქ ომი ატყდება,

თქვენ არ გექნებათ მონაწილობა:

უჩინრად უნდა იმალებოდეთ…

არვინ გაბედოს მასზე ცილობა!

რაც უნდა მოხდეს აქ, თქვენ მაინც იქ

ჩუმად იყავით… არვინ აჩქარდეს,

რომ სურვილისგან გატაცებულის

ერთი ისარიც არ გადმოვარდეს.

მხოლოდ, როდესაც უკუქცეული

ისევ მოსძებნის საფარს მტრის ჯარი,

მოულოდნელად მაშინ იქ დახვდით

და გრგვინვით მეხად დაეცით ზარი!

შენვე გაგზავნე ჩუმად კაცები

ჰალისის პირად; თუ მოახერხონ,

რაც ხიდებია, სუყველა ერთად

ქვეშიდან ისეთ გვარად დახერხონ,

რომ ზედ შემდგარი ლაშქრის სიმძიმე

მომეტებული ვერ აიტანონ,

ჩასტყდენ ჰალისის მდინარე წყალში

და მტრისა ჯარიც თან ჩაიტანონ!…

- აწ, ორბელიძევ, შენ უნდა გითხრა,

მოწინავე ხარ რადგან სარდალი

და სუყოველთვის შენგან ატყდება

ომისა ცეცხლი და ბრძოლის ალი…

ოთხიათას კაცს, სულ ახალგაზრდებს,

თავგამეტებულს, წინ წაუძეხი;

გრიგალ-ქარივით ჩამოუქროლე

და შენებურად დაეცი მეხი!…

მემარჯვნე სარდლად გამრეკელია,

მემარცხნედ - ლომკაც სავარსამიძე,

თითოს სამ-სამი ათასი კაცი

ახლავთ, არიან ომის სიმტკიცე.

და დანარჩენი ათასი კაცი

აქვე დარჩება ჩემთანა მხლებლად;

ჯოჯიკი არის მათი უფროსი,

გაჭირვების დროს მისაშველებლად.

როდესაც ატყდეს პირველად ომი

და გაიმართოს ისრითა ბრძოლა,

გაიფანტენით, თორემ ძნელია

შეჯგუფებულად მტრებზედ მიწოლა.

და შემდეგში კი, ხელჩართულ ომში,

შეერთებულად უნდა იბრძოლოთ.

მხოლოდ გუნდ-გუნდად დაჰყავით ჯარი,

რომ ერთმანეთსა გამოუნაცვლოთ.

ძველი საფრისა და მდინარისკენ

ნუ დაუდგებით, გზები დაუგდეთ

და სხვაგან კი მათ ყოველი კუთხით

უნდა დაუხვდეთ და გაუმაგრდეთ!

მეტს არას გეტყვით!.. რა საჭიროა

მომეტებული სიტყვა და რჩევა?

აქ შეგეწიოსთ წმინდა გიორგი

და მაღლით ღმერთმა მოგცეთ კურთხევა!”

ეს სთქვა თორნიკემ და გაისტუმრა

სარდლები ჯარის მოსამზადებლად

და თვითონ-კი იქ დარჩა სულ მარტოდ

მლოცველად ღვთისა და მადიდებლად.



III


ვითა ეთერი მზეთუნახავი,

საყვარლის მლოდე, თრთის და კანკალებს,

სახეს ვარდისფრად იღებავს გრძნობით

და იელვარებს სურვილით თვალებს,

ისე განთიადს ცისკრის ვარსკვლავი

ლაჟვარდ ცაზედა კაშკაშით თრთოდა

და ფერმიხდილად ნათელძლიერი

მზისა ამოსვლას ეშხით შესტრფოდა.

თითქოს ქვეყანაც, მით მოხიბლული,

გამსჭვალულიყო მისის თანგრძნობით

და უგალობდა ციურ ნანინას

საიდუმლო და უცნაურ გზნობით.

სუნნელთა მფენი დილის ნიავი,

ბალახთ ბიბინი, ფოთოლთ შრიალი

ბანსა აძლევდენ ღვთიურს ნანინას

და ათანხმებდა მათ ძალთაძალი.

ციური ნიჭის მისაღებელად

ვარდმა კოკობმა თავი ახარა;

ცრემლად დაეცა გულზე მანანა,

ააელფერა და გაახარა!…

თურმე ბულბულიც ამას უცდიდა:

თავისებურად იწყო მან სტვენა,

თითქოს უნდოდა მით მოეტანა

ცოდვილ ქვეყნისთვის კურთხევა ზენა.

მაგრამ ამა დროს საზარელის ხმით

უცბად რაღაცამ დაიგრიალა

და მით სიხარბემ ჯოჯოხეთისამ

გამოაჩინა ბოროტი ძალა:

შეიქმნა ბუკის, საყვირის ცემა,

ატყდა ჭიჭყინი ზურნის საზარი…

აჰა, გათენდა და ემზადება

სისხლის სათხევლად ორივე ჯარი!



IV


მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს,

ისე დაჰყურებს მთავარსარდალი;

წაღმა, უკუღმა, მარჯვნივ თუ მარცხნივ,

ყოველი მხრისკენ სჭრის მისი თვალი.

მოწინავე ჯარს, ტურფად დარაზმულს,

ოთხიათასსა დაჰყურებს ჭაბუკს,

მხოლოდ იმ წამის მომლოდინესა,

როდესაც დაჰკვრენ ნაღარას და ბუკს.

ფარ-ხმალით ხელში, გახურვებულებს

ძლივს-ღა უჭერენ თავს ბედაურებს:

ჭიხვინ-ხვიხვინით, ტორების ცემით,

ძუა-ფაფარშლით აცქვეტენ ყურებს.

თითქოს იმათაც სული მიუდისთ,

რომ მიიტანონ თან იერიში,

და, როგორც იმათ მხედრების გულში,

ისე არც იმათ გულშია შიში.

თავში უდგია რაზმს ორბელიძე,

ჯერ ახალგაზრდა გმირი სარდალი,

და იმან იცის, თუ როდის ატყდეს

ბრძოლისა ცეცხლი და ომის ალი.

შორს მათგან, მარჯვნივ, ქვეითი ჯარით

მოფენილია მთლად ტყე და ველი;

საფარში აჯენს შორ-შორ გაფანტვით,

მტრისა სამიზნოდ, მათ გამრეკელი.

და მარცხნივ, სადაც შფოთვით, ღრიალით

მიექანება ჰალის-მდინარე,

სავარსამიძის დამდგარა ჯარი,

ფარ-ხმალ, ჯაჭვ-ჯავშან, შუბ-მოელვარე.

ჯავშანიძე-კი მხოლოდ-ღა ერთი

აღარსადა სჩანს, აქ არსად არი:

წინა ღამითვე მან საიდუმლოდ

აიღო ჩუმად მტრისა საფარი.

სკლიაროსიცა ამხედრებულა,

მტრის დასახვედრად ამხედრებს დიდ ჯარს,

ცხენს მიაჭენებს ხან აქ, თუ ხან იქ

და ჯარასავით დატრიალებს გარს.

მარჯვნივ აყენებს ბაგრატ თარონელს,

მარცხენა მხარეს მისვე ძმას გრიგოლს,

და არ ჰგონიათ, თუ შეხვდებიან

ისინი თავის თანასწორს და ტოლს.

და ორბელიძის საპირდაპიროდ

თვით აფრანიკე გამოსულია…

წვერ-ულვაშს იგლეჯს, მეტის სიფიცხით

ალმური ასდის… გულმოსულია:

"როგორ თუ ასე მცირე მხედრობით,

ასე თავხედად ჩემზე მოდისო?

სიკვდილისაგან ატროებული,

მძებნელი არის, სწორედ, ლოდისო!”

წინა ომებში გათამამებულს

მარჯვე ცხენოსან სპარსელების ჯარს

სიტყვით ამხნევებს მოქის თავადი

და თან უქადის მდიდრულ საჩუქარს.

იმათაც ნიშნად შეუპოვრობის

განთიადისა დაჰკრეს საჰარი,

მაგრამ ქართველთა მის საპასუხოდ

გადუშხუილეს მაღლით ისარი.

ის იყო მარჯვნით გამრეკელისგან

სამოციქულოდ გამონატყორცი;

მას თანვე მოჰყვენ სხვების ისრებიც,

გულის გამპობი და გასაოცი.

ააგეს ფარი, მომართეს მშვილდი,

პასუხს აძლევენ სომხებიც ისრით

და გაიმართა ძლიერი ბრძოლა

ყოველის კუთხით და ორივეს მხრით.

უანგარიშო და უთვალავი

მოდის ისარი, ვით სეტყვა ცისა…

ჯერ სიჩუმეა… მხოლოდ ხანდახან

კვნესა მოისმის დაჭრილ კაცისა.

გახურდა ბრძოლა… გრძელდება ომი,

ხან აქ და ხან იქ სისხლი იღვრება…

აჰა, ამოდის მხიარულად მზეც!

მომაკვდავთ კვნესა არ ეყურება.

თითქოს ეს იყო დანიშნული დრო:

აქ ორბელიძემ იშიშვლა ხმალი,

ჯარს მიუბრუნდა და მხიარულად

მათ გადაავლო ნუგეშის თვალი.

მიუხვდენ სარდალს გულისპასუხსა

მხედრები, სიტყვა აღარ აცალეს:

იშიშვლეს მათაც ბასრი მახვილი

და მზის სხივებზე ააპრიალეს.

დასძახეს ყველამ ერთხმად: "ჰკა მაგას!”

დეზი ჰკრეს ცხენებს და გააქანეს

პირდაპირ, ჯიქურ სპარსელებისკენ

და იერიში ზედ მიიტანეს.

მაგრად დაუხვდა მათ აფრანიკე,

ლომი, სასისხლოდ გააფთრებული,

და შეაგება ცხენოსანთ ჯარი,

ფარმომართებით მომზადებული.

დასცეს კიჟინი და გაიშალენ

სახელდახელოდ ტრიალ მინდორზე:

ზოგან იბრძვიან ერთად, ჯგუფ-ჯგუფად

და ზოგან ერთი მიდის მის სწორზე.

კიჟინა, კვნესა, წყევა, მუქარა

და ჩახაჩუხის ხმა გულსაზარი

არეულია და ფეხით გააქვთ

ცხენებს დაჭრილი და ცოცხალმკვდარი.

აგერ მხედარმა, შავით მოსილმა,

გამოახტუნა მერანი მინდვრად;

შეათამაშა ჰაერში ხმალი

და დაიძახა თან მედიდურად:

- "სად ხარ? გამოდი, ნუ იმალები,

თუ რომ გულს გერჩის, ორბელიძეო!

აფრანიკ მქვიან! შენისთანები,

იცოდე, ბევრი დავამიწეო!..

გამიგონია მეც შენი ქება,

განთქმული არის შენი ხმალიო,

მაგრამ აწ უნდა გასინჯო ჩემიც

სიკისკასე და მკლავის ძალიო!

ჩვენ ორში უნდა ერთიდაერთი

მოკვდეს, გათავდეს მითი ომიო!

ნუღარ გვიანობ! გელი, გამოდი,

თუ ამ პირობის შენც ხარ მდომიო!”

ხმალსისხლიანი, თავზე ჩაფხუტით

თეთრ ცხენზე იჯდა ერთი მხედარი,

რომელ გუნდშიაც შევარდებოდა,

მას თან მიჰქონდა მეხი და ზარი.

თვით ორბელიძე იყო ეს გმირი…

ახალ გუნდს მკაცრად რომ შეუძახა,

მაშინ მოესმა აფრანიკის ხმა

და სიხარულმა ააცახცახა.

მისი სურვილიც თურმე ის იყო,

რომ აფრანიკეს სადმე შეჰყროდა:

იმას ეძებდა და აქეთ-იქით

სხვადასხვა რაზმში მიჰქრი-მოჰქროდა.

თავი მოსწია გაქანებულ ცხენს,

ყალყზე შემდგარი მოატრიალა,

ასკუპა, ჯიქურ გამოაქანა,

მივარდა, ბევრი აღარ აცალა

და უპასუხა: - "გმირს არ შეჰშვენის

დაჩემება და თავის ქებაო!

აჰა ბურთი და ჰა მოედანი,

მზადა ვარ, გახლდეს თქვენი ნებაო!”

მოღუნეს მშვილდი, მოსდვეს საცერე

და ერთმანეთსა სტყორცნეს ისარი,

მაგრამ ორივემ სწორის სიმარდით

მას მიაგებეს მათ-მათი ფარი,

და აიცილეს მითი ფინთიხი,

გულის გამპობი, ხორცის მომწყვლელი,

მერე გადიგდეს მშვილდები მხარზე

და ხმლებს მოავლეს საომრად ხელი.

მათი ფარგება და კენწლაობა,

სიჩქარით ელვა გასაკვირვალი,

მოჩხუბართ მხოლოდ ბრაზს უმატებდა

და ედებოდათ თანდათან ალი.

მოსწყინდათ ფარი და უკუაგდეს,

დაადგენ ორივ მარტო შიშველ ხმალს;

თავი გადასდვეს მათ სასიკვდილოდ,

აღარ იზოგვენ ღონესა და ძალს.

მიაგდო ცხენი ჯერ ორბელიძემ,

ხმალი პირდაპირ შუბლში უსწორა,

მაგრამ დეზი ჰკრა მხედარმა შავ ცხენს,

განზე გაუხტა და აიშორა.

ხმალმა ჰაერში გაიშხუილა:

წახდა მოქნევა და მკლავის ძალა…

და ხელმეორედ ხმლის მომარჯვება

მოპირდაპირემ აღარ აცალა:

თვითონ მოაგდო ზედ აფრანიკმა

მისი მერანი, მკვირცხლი, ფეხმალი,

მაგრამ მოქნეულ ხმალს ორბელიძემ

ქვემოდან აჰკრა თავისი ხმალი

და მარილივით გადაუმტვრია.

შეკრთა აფრანიკ!… დაეცა ზარი

და არ იცოდა, თუ რაღა ექნა:

იდგა უძრავად, ვით ცოცხალ-მკვდარი.

გმირთა წესია ლმობიერება:

წყრომა გულისა ქართველს დაუცხრა,

ხმალი ჩააგო ისევ ქარქაშში,

ჩამოეცალა და ასე უთხრა:

- "ნუ გეშინია! ხმლიანი უხმლოს

რომ შეგეჭიდო, არ მეკადრება,

მხოლოდ თანასწორ იარაღითა

შენი დაჩაგვრა მე მენატრება!

და, აბა ეხლა ნუღა ვუდგებით

ჩვენ ერთმანეთსა ასე შორი-შორს.

აწ სასიკვდილოდ უნდა შევებათ,

ხელი მოვკიდოთ ორივემ ორორს!”

მაგრამ აფრანიკ ყურს აღარ უგდებს,

მარდად, უეცრად ზურგი უჩვენა:

დეზი ჰკრა მერანს, მიატრიალა,

ერთი შეჰკივლა და გააჭენა.

რა ნახა ჯარმა მათი სარდალი

გაქცეული და შეშინებული,

თვალი წაუხდა და ზაფრანაცემს

უნებლიეთად გაუტყდა გული;

შესწყვიტა ომი და გაექანა,

გონს ვერ მოსული, უცბად დამფრთხალი

იქითკენ, სითაც შავსა ბედაურს

მიაქანებდა მათი სარდალი.

"ჰკა მაგას, აბა, არ გაუშვათო!”

შეჰკივლა გმირმა მაშინ ქართველებს,

დაიგრიალა ცხენოსან ჯარმა

და გამოუდგა სომეხ-სპარსელებს.

მირბის აფრანიკ თავისი ჯარით,

მირბის და უკან არ იხედება;

მას ორბელიძე მისდევს ჯარითვე,

მისდევს, თანდათან ცეცხლი ედება.

დაუახლოვდა უკანა ჯარი,

უნდა დაეცეს თავზე, ვით ზვავი,

მაგრამ აქ წინამ გადაუხვია

და ხეობაში ამოჰყო თავი.

მდევრები მაინც არ ეშვებიან,

ქვესკნელშიაც-კი ჩაჰყვებიან თან:

თან შეჰყვენ ერთად იმ ხეობაში

და მიიმალენ… აღარა სჩანან…

თურმე იქ ვერაგ სკლიაროს-სარდალს

სხვა ჯარი ჰყავდა ჩასაფრებული

და ქართველები შეტყუებული

დაემწყვდენ, დარჩენ გარშემორტყმული.

რაღა გზა ჰქონდათ?… დაიქვეითეს.

ამოესაფრენ თავ-თავის ცხენებს;

იბრძვიან, მაგრამ იციან, რომ მათ

მტერი კაი დღეს არ გაუთენებს.



V


როგორც ისარი, იმ ხეობიდან

გამოხტა ცხენი ამ დროს უეცრად…

ხტის და ჭიხვინებს, ძუა-ფაფარს შლის,

გარბის, გამორბის მარტოკა მინდვრად.

ხან ყურებს აცქვეტს, ხან მიწას სუნავს,

თითქოს დაეძებს მის პატრონ მხედარს,

და იმის გამო ასე ხვიხვინებს,

რომ ვერსად ჰხედავს ვერც ცოცხალს, ვერც მკვდარს.

ამ უპატრონო ცხენის დანახვა

თორნიკეს დარჩა მეტად საწყენად,

რადგანაც იცნო მან მაშინათვე

ის ორბელიძის ბედაურ ცხენად.

"ვეჰ! - დაიყვირა - ცუდ ნიშანს ვხედავ,

ამას არ უნდა ბევრი ფიციო:

საფრთხეში არის და განსაცდელში

ცხენოსანთ ჯარი, სწორედ ვიციო!”

და უთხრა ჯოჯიკს: - ახლა შენ იცი,

შავი დღეების შენ ხარ გმირიო:

"ძმა ძმისათვისო, ამ დღისათვისო”,

გაგვიადვილე გასაჭირიო!”

მოახტა ჯოჯიკ მაშინ ბედაურს,

მასთანაც მთელი იმისი ჯარი,

და დაექანენ დაღმა მინდვრისკენ

გრიალით, როგორც გრიგალი ქარი.

დასცეს კიჟინა საოცარის ხმით,

მიწას გააკრეს ბედაურები

და მიეშურენ ხეობისაკენ

მტრის სისხლის მნდომნი, გაუმაძღრები.

შორით მოესმათ ქართველთ კიჟინა:

იცნეს ჯოჯიკის ხმა და იამათ,

იმედმა სიმხნე გაუორკეცათ

და ბრძოლა იწყეს უფრო თამამად.

გაახლდა ომი. შეკრთა სკლიაროს,

უგზავნის შიკრიკს მაშინ თარონლებს,

რომ მოახმარონ ქვეითი ჯარი,

ჯოჯიკისაგან შეშინებულებს.

დააგდეს ორთავ ბრძოლის ადგილი

და მოაშურეს ანაზდეულად,

ალყად შემოკრეს ქართველი ჯარი,

ჩაიმწყვდიეს რა იწროში სრულად;

და არ ეჭვობდენ აწ გამარჯვებას:

ხერხის და რიცხვის ჰქონდათ იმედი,

მაგრამ უკუღმა გადუტრიალდათ

მოულოდნელად იმათაც ბედი:

კვალში მისდია გაბრუნებულ ჯარს

და თანვე მიჰყვა მათ გამრეკელი, -

ტყვილა არ ერქვა მას მეტსახელად

"შავი კლდის მელა და მიწის მგელი”.

შეატყობინა სავარსამიძეს,

სადაც იბრძოდა მტერი, უჩვენა

და, რაც დღე მაშინ ქართველებს ადგათ,

მტრის ჯარს იგივე დღე დააყენა:

შემოჰკრეს ირგვლივ და ორ ცეცხლ შუა

გამომწყვდეული დარჩა მტრის ჯარი…

გზაარეულებს ყოველი კუთხით

თავზე ატყდებათ მეხი და ზარი.

აივსო ხევი მკვდრებით… დაგუბდა

ბლომად აქ და იქ სისხლისა ღვარი

და, თავის შველა რომ ვისმე ჰსურდეს,

გასაქცევი გზაც აღარსად არი!

მაშინ გაჰხედა შორით თორნიკემ

და სთქვა: - "გაერთდა, ვხედავ, ბრძოლაო!

სწორედ ახლაა მათთვის საჭირო

გამოცდილ სარდლის თან მიყოლაო!”

მოაყვანინა ბერკვიცი, შეჯდა,

მიეშურება სადაც ომია;

სიბერე ახლავს, მაგრამ ჯერ კიდევ

გულით ჭაბუკი, სიმხნით ლომია.

ომი რომ ნახა, გულს გადეყარა,

არ დარჩა ბედის უმადურადა

და გაიელვა ზედიზედ მტრებზე

მისმა მახვილმა ძველებურადა.

შემოურბინა ჯარს ირგვლივ გმირმა,

სარდლებს გადასცა მისი ბრძანება:

"გზას ნუ შეუკრავთ გაჭირვებულებს,

დეე, გაიქცენ, მიეცით ნება!”

და გზა გაუხსნეს დასავლეთისკენ,

გაუკეთეს რა განზრახვით კარი;

და მხოლოდ სამის კუთხიდან მკაცრად

მტერს აწვებოდა ქართველი ჯარი.

იბრუნეს პირი დასავლეთისკენ

მტრებმა, გაქცევა ერთად იკადრეს

და მიაშურეს ისევ ძველ საფარს,

ძველსა სიმტკიცეს და ძველ სიმაგრეს.

მაგრამ როდესაც მიუახლოვდენ,

"ვაი”-ზე, "უი” მეტი დაერთოთ.

იქ ჯავშანიძე დაუხვდათ ჯარით

და ეს ნუგეშიც სრულად წაერთოთ.

დაჰყარეს იქვე მათი ფარ-ხმალი,

ვეღარ გაუძლეს ამდენ სიმწარეს,

ერთიც დასძახეს: "თავს ვუშველოთო!”

და მიაშურეს ჰალის-მდინარეს.

შეცვივდენ ხიდზე - ჩაუტყდათ ხიდი:

ჩაცვივდენ წყალში კისრა-კისრითა,

ზოგი დაიხრჩო და ზოგს ნაპირზე

უწყალოდ ჰხოცდენ ხმლით და ისრითა.

მოისრა ჯარი… გადარჩა მხოლოდ

თვით სკლიაროსი მცირე მხედრობით

და გაეშურა ბაღდადისაკენ,

სასომიხდილი უბედურობით.



VI


გათავდა ომი… კიდეც დაღამდა,

ბნელმა მოჰფინა ის არემარე;

შესწყდა კიჟინა და იმის ნაცვლად

კვნესა მოისმის აქა-იქ მწარე.

ზოგი წყალს ჰნატრობს სიკვდილის წინეთ,

ზოგი შველას და შემწეობასა,

ზოგი ბედს ჰყვედრის და ტანჯვით ამბობს,

რომ სიკვდილი სჯობს იმის ყოფასა. -

ისინი, ვინც რომ ერთ წუთის წინეთ

მხეცივით სისხლით ვერა სძღებოდენ,

ახლა, იმ კვნესას რომ ყურს უგდებდენ,

იმათი ცოდვით იდაგებოდენ.

უნდოდათ შველა, მაგრამ, სიბნელით

რომ ვერ ჰხედავდენ აქ ვეღარაფერს,

ერთად არეულ-დარეულებში

ვეღარ არჩევდენ მოყვარეს და მტერს!

ბრძანა თორნიკემ: - "გაურჩეველად,

ქართველი იყოს, გინდა სპარსელი,

გინდა ბერძენი, გინდა სომეხი,

სულ ერთნაირად მოჰკიდეთ ხელი!

სიკვდილი ყველას ათანასწორებს:

თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარეს!…

ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ

დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს სამარეს.

ნურვინ გაჰბედავს, დატყვევებულებს

რომ მიაყენონ შეურაცხყოფა!

ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს,

დასატანჯავად ისიც ეყოფა!”

ასე ისურვა და იმ სურვილზე

უარს ეტყოდა მხედრობა განა?

მხოლოდ უცდიდენ მთვარის ამოსვლას,

და, ჰა, მთვარემაც ამოატანა!

ამოჰყო თავი მაღალ მთის წვერით

და გადმოჰხედა ნაზად ბრძოლის ველს;

კაცის ქვეყნიურს ბნელსა საქმესა

მაღლით ციური აფენდა ნათელს.

გაანათა და გამოაჩინა

დასანახავი გულშესაზარი,

თითქოს უნდოდა ეჩვენებია

კაცისთვის ბოროტნამოქმედარი.

სულ დაჭრილ-მკვდრებით მოფენილია

ხეობა, ღელე, ტყე და მინდორი!

ვისიც სიცოცხლე დილას ჰყვაოდა,

ახლა შეიქმნა ლეში და მძორი.

აგერ დაჭრილი!… აგერ ძევს მკვდარი!…

გაკვეთილია საბრალო ორად!

აგერაც ერთგან ათასზე მეტი

ზე დაჰჩეხიან ერთმანეთს ხორად!…

ამ ერთ ადგილას რას მიუზიდავს

ამდენი სული? რა ანდამატით?

მხოლოდ იმითი, რომ ორბელიძე

აქა ძევს მკვდარი, ცუდად… ღალატით.

მისი სიკვდილით ცეცხლმოდებული

მტერს ქართველები ეჯახებოდენ,

ბევრს მიიძღვანდენ საიქიოსკენ

და თვითონაცა ზე აკვდებოდენ.

არვინ ელოდა აქ გადარჩენას:

ერთი ათს და ოცს ეჩხუბებოდა

და თუ ჯოჯიკი არ მოსწრებოდათ,

მაინც ვერავინ გადარჩებოდა.

მაგრამ ჯოჯიკმა იმათი სისხლი

ამოიგო და ჯავრი იყარა

და დაამწარა სკლიაროსს ის, რაც

ერთხან ღალატით მან გაიხარა!

გადაჰკრა ლახტი აფრანიკს თავზედ,

დასცა სიმწარით გარეტებული,

შესდგა ფეხებით, უგმირა შუბი

და სასიკვდილოდ გაუპო გული.

როგორც დაჭრილი ვეფხვი, ბაგრატიც

ისე მიჰვარდა მას ბარდაველი,

მაგრამ ჯოჯიკმა მოასწრო თვალი

და წაუჭირა მას ყელში ხელი.

ამ დროს გულდაგულ წამოეპარა

მას უკანიდან ვიღაც სპარსელი,

მაგრამ ხელიდან გავარდა ხმალი,

რომ დაინახა იქ გამრეკელი.

ამისმა მოსვლამ სრულად მიხადა

სკლიაროსის ჯარს ჯანი და ღონე,

რადგანც თან მოჰყვა სამი ათასი

მას მეომარი სულ თავმომწონე.

მაშინ ჯოჯიკმა და გამრეკელმა

გასამაგრებლად მისცეს მხარი მხარს…

მაგრამ ამითი კი ორბელიძეს

ვეღარ უშველეს, მიტყუებით მკვდარს…

და, აჰა, ახლა ამოდენ მკვდრებში

სულ ყველაზე ძირს ის გდია მკვდარი!

ზურგში არჭვია მას მტრის მახვილი

და გულზე ადევს მისივე ფარი…

ცოტა შორს, განზე, შავი კლდის ძირში

უწვერულვაშო ეს ვინღა არი?

თავს დაჰხვიხვინებს, ტორს სცემს მერანი,

რომ გააღვიძოს მისი მხედარი…

მაგრამ ამ ნეტარ, საუკუნო ძილს

აწ ვერ დაუფრთხობს ქვეყნად ვერღა რა!

დედის ცრემლების მან საპასუხოდ

აქ ბრძოლის ველზე სისხლი დაღვარა

და შეასრულა მით ღირსეულად

მამულისშვილის უკვდავი ვალი:

თავის სამშობლო ქვეყნის ხსოვნაში

სამარადისოდ დახუჭა თვალი…

ეგებ სხვა რამე გულდასაწვავი

სიკვდილის წინეთ აგონდებოდა

და სასიკვდილო შხამი გულის წყლულს

უფრო სახმილად ეკიდებოდა?

ვინ იცის, რა და რა საიდუმლო

მან საიქიოს თან წაიტანა?

შორს სადმე ქართლში დედამ გამოსცნოს,

ან გულის სატრფომ ეს გამოცანა…

აგერ ისრისგან მთლად დაცხრილული

გდია მოხუცი პირნათლად მკვდარი,

თითქოს სძინავსო და ეზმანება

მას შორეული ტკბილი სიზმარი…

აჰა, დაჭრილი მიფორთხებულა

ბევრის წვალებით დიდ ხისა ძირში,

ჰსურს დაიყვიროს, მაგრამ საძრავი

ენა აღარ აქვს მომაკვდავს პირში.

აგერ სიდანღაც უცნაურის ხმით

გამოიძახის კვნესით დაჭრილი:

თავზე აწევან საბრალოს მკვდრები

და ემატება მითი ტკივილი.

ამდენ დაჭრილის კვნესით და ოხვრით

აღარსად არის აქ ყურთა სმენა:

სომხურ, ქართული, ბერძნულ, სპარსული,

არეულია სხვადასხვა ენა.

გამწარებული გამოთქმის კილო

და დედააზრი ერთი აქვს ყველას;

სწყევლიან თავის ბედს და გაჩენას

და გასაჭირში ითხოვენ შველას;

მაგრამ ბევრს მათგანს ვეღარ უშველის

სიკვდილის მეტი ვეღარაფერი,

თუმც-კი მოყვრულად ეშველებიან

და აღარავის აღარ ჰყავს მტერი.

ასე გათავდა ეს დიდი ბრძოლა…

აჯანყებულთა ამოწყდა ჯარი,

მაგრამ მათ რიცხვში ხუთიათასი

გამოერია ქართველიც მკვდარი…



კარი მეოთხე


I


გამობრძანდა ქალაქს გარეთ

მეფე დავით ბედნიერი,

თანვე ახლავს ყოველის მხრით

წამოსული ქართლის ერი.

რიცხვი არ აქვს დარაზმულსა,

ქვეითსა და ცხენოსან ჯარს…

შეჰხარიან ბატონ მეფეს,

მორჩილებით უვლიან გარს.

გარეშემო მთა და ბარი

წვრილფეხობით მოფენილა,

თითქოს რაღაც დიდ წყალობას

ექადოდეს მათ ეს დილა.

ცალკე სერზე უთვალავი

გადმომდგარა დედა-წული,

სხვებზე მეტად დასტყობიათ

საზოგადო სიხარული.

წინ დგას მეფე და გვერდში ჰყავს

ბაგრატ, მისი შვილობილი,

კათალიკოს-მღვდელმთავრები

იქვე დგანან კმაყოფილი.

სათვალმაქცოდ არა ბრწყინავს

ერისა და ღვთის რჩეული:

თან არა აქვს მას გვირგვინი

და სამეფო სამკაული!

მაგრამ ისეც ვინ არ იცნობს,

რომ ის დიდი ცხებულია,

ვინც ერისგან გულის წმინდით

ნაკურთხი და ქებულია?

ყველა იცნობს მამაშვილურ,

არც რიდი აქვს და არც შიში;

მიდიან და რჩევას ჰკითხვენ,

როგორც ლხინში, ისე ჭირში.

აი, ახლაც უთვალავი

ეს ერი სულ მას შეჰყურებს

და მოელის გულის ძგერით

ნახოს, მეფე რას აპირებს.

გაიხედეს შორს მინდვრისკენ

და რაღაცას მოჰკრეს თვალი:

ძირს შავად და მაღლა ღრუბლად

მათკენ იყო მომავალი.

ეს იყო, რომ ბრუნდებოდა

საბერძნეთით ქართლის ჯარი,

და ცხენების ფეხთა მტვერსა

აღმა ჰყრიდა ღრუბლად ქარი.

თავის ქვეყნის კიდევ ნახვამ

მხედრებს გული აუძგერა

და საგმირო, ჩვეულებრივ,

შემოსძახეს მათ სიმღერა:

"კავკასიის ქედზე იყო

ამირანი მიჯაჭვული,

ყვავ-ყორანი ეხვევოდა,

დაფლეთილი ჰქონდა გული.

ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის

გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა

და რაღაცა მანქანებით

გული ისევ მთელდებოდა.

ჰქონდა ჭირში მოთმინება,

არც ჰკვნესოდა, არც ოხვრიდა;

უსამართლო ძლიერებას

მონურად ქედს არ უხრიდა.

ბოლოს მაინც გამარჯვება

დარჩა!… ყველა გააოცა!…

და ის ღვაწლი მაგალითად

მიწის შვილთა მან გადმოსცა…

კავკასიის მაღალ ქედზე

მიჯაჭვული ამირანი

არის მთელი საქართველო

და მტრები კი - ყვავ-ყორანი.

მოვა დრო და თავს აიშვებს,

იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთაგმირი!…

სიხარულად შეეცვლება

იმდენი ხნის გასაჭირი!”

მოახლოვდენ ამ სიმღერით,

დადგენ ცოტა მოშორებით;

დაქვეითდენ, წინ წამოდგენ

და დარაზმდენ აჩქარებით.

თაყვანი სცეს ერთად მეფეს,

ცალი მუხლი მოიყარეს.

სიმდაბლის და მორჩილების

ნიშნად, თავი მოიხარეს.

წადგა მეფე და შესძახა:

- "გამარჯვება მძლეველ ჯარსო!

ვაშა! ვაშა! იმათ ღვაწლს და

საუკუნო სახსოვარსო!

გამარჯვება ქართველ დედებს,

ჩვენს გამზრდელსა და მშობლებსო:

მათი ძუძუ გვავაჟკ
კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 1323 | დაამატა: komandori | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0
1 todaze   (02.05.2010 19:27)
magarad momewona es gakvetili

სახელი *:
Email:
კოდი *:
ძებნა
საათი
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ლექსიკონი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт

Результат опроса Результаты Все опросы нашего сайта Архив опросов

Всего голосовало: 77
Обсудить опрос на форуме
ონლაინი

chat FX online casino casino las vegas Counters
megobari saiti
http://images.neobux.com/imagens/banner9.gif
Copyright MyCorp © 2014
Create a free website with uCoz